სამეცნიერო კონფერენცია გელათი „მეორე იერუსალიმი, სხვა ათინა“
12 ივნისს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია “გელათი მეორე იერუსალიმი, სხვა ათინა”!
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, დალოცა ლექტორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. მან ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ გელათის მონასტრის დაარსების მნიშვნელობასა და გელათის შესახებ კვლევა-ძიებების აუცილებლობაზე.
დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ ყურადრება გაამახვილა გელათის მონასტრის სულიერ მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სასურველია სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით- „გელათი მეორე იერუსალიმი და სხუა ათინა“ ყოველწლიურად გაიმართოს და ქართველმა მეცნიერებმა მიიღონ მასში მონაწილეობა.
მსმენელთა წინაშე წარდგნენ შემდეგი მომხსენებლები:
- გელათი (სულიერი, კულტურული და ისტორიული ანალიზი) – ლევან ტყეშელაშვილი, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საქმიანობის კოორდინატორი. ლევან ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ გელათი გამორჩეული იყო იერარქიული წყობით, სიწმინდეებით და უნიკალურია ფრესკული მხატვრობის ნიმუშებით. გელათის სამონასტრო კომპლექსში დღემდე არის შემორჩენილი, მეფეთა, დედოფალთა, კათალიკოსთა, მღვდელმთავართა, უფლისწულთა და ბატონიშვილთა გამოსახულებებით, რომლებიც სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. უნდა შევნიშნოთ, რომ გელათში გაენათელ მღვდელმთავართა ფრესკების გარდა შემორჩენილია მაწყვერელი ეპისკოპოს ანტონის ფრესკაც. ისტორიულ პირთა ფრესკების გარდა შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის არაერთი სცენა, წინასწარმეტყველის, მოციქულის, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებანი.
- გელათური ხელნაწერების შესწავლის ისტორიისათვის. ციცინო მუმლაძე, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგე. ქალბატონმა ციცინომ საზოგადოებას მოუთხრო გელათური ხელნაწერების შესწავლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო გელათური ხელნაწერები, რომლებიც ქუთაისის მუზეუმშია დაცული. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გელათური ხელნაწერები მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო. მათ შორის რელიგიური, ფილოლოგიური, ისტორიული და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით.
- 100 წელი გელათის მონასტრის გაუქმებიდან. მერაბ კეზევაძე, ქუთაისის სახელმწიფო არქივის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მ. კეზევაძემ ისაუბრა როგორ პოლიტიკურ ვითარებაში იყო გელათის მონასტერი 1918-1923 წლებში, მან საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით საზოგადოებას გააცნო გელათის წინამძღვარ არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის წერილები დემოკრატიული მთავრობისა და შემდეგ ბოლშევიკური რეჟიმის წარმომადგენლებისადმი. მან ასევე ისაუბრა თუ როგორ პირობებში დახურეს გელათის მონასტერი ბოლშევიკებმა და რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ გელათელი ბერები.
- XVII საუკუნის გელათური ხელნაწერები K-11,K-12,K-32-ის მიმოხილვა ტიპიკონის ისტორიის თვალსაზრისით. მღვდელი მიქაელ კვანტალიანი, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი. მამა მიქაელმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიყენება საბაწმინდური ტიპიკონი, რომლის ჩამოყალიბების პროცესი XIV საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა და ფილოთეოს კონსტანტინეპოლელი პატრიარქის მოღვაწეობის დროს დამთავრდა. XVII საუკუნის გელათური ხელნაწერების (K11, K12 და K32) ანალიზის მეშვეობით ირკვევა, რომ მწუხრის, ცისკრისა და წირვის ტიპიკონების ფორმირება ჯერ კიდევ საქართველოში არ იყო დასრულებული.ფილოთეოს კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ტიპიკონი საბოლოოდ საქართველოში ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის დროს, XVIII საუკუნის დასაწყისში, დამკვიდრდა და მასში აისახა ის უნებლიე შეცდომები, რომლებიც ბერძნულ დედანში გაიპარა.
- არქეოლოგიური გელათი. როლანდ ისაკაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; ისტორიის აკადემიური დოქტორი; აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. შალვა ბუაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის კურატორი; ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კურატორი; არქეოლოგიის დოქტორანტი.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია არქეოლოგ როლანდ ისაკაძის მოხსენებამ, რომელმაც ისაუბრა გელათში წარმოებულ არქეოლოგიურ გათხრებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს განხორციელდა. მნიშვნელოვანი იყო ვიზუალური მასალა, რომელიც გათხრების დროს გამოვლინდა და რომელთა საფუძველზეც გელათში გამოვლინდა ექვსი არქეოლოგიური ფენა. კვლევის დროს აღმოაჩინეს ასევე ორი სასახლის, მარნის, ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც აგებული იყო დავით აღმაშენებლის მოღვაწეობამდე, დავითის პერიოდში და მის შემდგომ ხანებშიც. გათხრების დროს აღმოჩნდა ძველი წყალგაყვანილობის სისტემა, წყლის სანიაღვრე სისტემა, უძველესი კრამიტისა და ქვევრების ნიმუშები.