გელათის აკადემიასა და სემინარიაში განახლდა სასწავლო პროცესი
2024 წლის 16 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ სწავლის დაწყებასთან დაკავიშრებით პარაკლისი გადაიხადა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მან სწავლის დაწყება მიულოცა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ ამ ორი თარიღის -ახალი საეკლესიო წლისა და სწავლის დაწყების ერთდროულად აღნიშვნას მათი კავშირი განაპირობებს. ახალი წელი ერთგვარად იბარებს ძველ წელში მოწეულ და მოძიებულ შედეგებს და ყოველივე ამისათვის მადლობას სწირავს ქვეყნის შემოქმედს. ასევეა თითქმის სწავლის დასაწყისიც, გარკვეული ნაწილი ასრულებს განათლების კურსს, იძენს ცოდნას, მიდის, და მოდის ახალი ნაკადი, რომელთაც სურთ თეოლოგიური განათლების მიღება. დღევანდელ რთულ პირობებში, როცა უამრავი საცდური არსებობს, დასაფასებელია თქვენი გადაწყვეტილება – არჩევანი რომ გააკეთეთ სასულიერო განათლებაზე. მეუფე იოანემ ახალგაზრდებს შეახსენა მოციქულის სიტყვები, რომ ცხონება შესაძლებელია ღვთის მადლით და არა რჯულის წესებით. რჯულის წესების დაცვა თავისთავად აუცილებელია, თუმცა არასაკმარისია მადლის მოსაპოვებლად. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი ამ მადლის მოხვეჭისთვის უნდა ისწრაფოდეს და იღწვოდეს. იყო დრო, როცა თითქოს აღარავინ იყო ღვთის მადიდებელი, მაგრამ აღმოჩნდა ერთი…ერთი იყო ნოე, ერთი იყო იობი, ერთი იყო აბრაამი… მაგრამ ღვთის მადლი აღემატება ყოველგვარ ცოდვას, ღვთის მადლით ძლიერდება მორწმუნე ერი, – აღნიშნა მან და სტუდენტებს ურჩია მიღებული ცოდნა საკუთარი თავის ცხონებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ, უსურვა, იყვნენ ჩინებულნი, ღვთის მადიდებელნი და ერთურთის მოყვარულნი.