გელათის აკადემია სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი

Posted On 13 Feb 2020
By :
Comment: Off

გელათის მეცნიერებათა აკადემიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტმა გამომცემლობა “ლოგოსში” გამოსცეს ამავე აკადემიის აკადემიკოსისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორის დამანა მელიქიშვილის წიგნი

“გელათის აკადემია სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი სასწავლებელი ყრმათათჳს, გელათის საღვთისმეტყველო-ფილოლოგიური სკოლა შუა საუკუნეების საგანმანათლებლო კერა”.

ავტორმა წიგნი მიუძღვნა ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნასა და ქართული სიტყვიერებითა და გონებითი ხედვებით გატაცებულ, მის XX საუკუნის 80-იანი და XXI საუკუნის 20-იანი წლების სტუდენტებს.

გთავაზობთ რედაქტორის წინასიტყვაობას

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს ძველი ქართული თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის, ენათა ინტერფერენციების, ასევე, აღმოსავლურ ქრისტიანული ფილოლოგიის, ტექსტოლოგიისა და გამოცემის ფილოლოგიის კურსის მსმენელი (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის) სტუდენტებისათვის.

ამ კურსის მიზანია მსმენელი-სტუდენტების ჩართვა და მონაწილეობა სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში, რათა ლექცია-სემინარებზე მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად უფრო ღღმად გაეცნონ შესასწავლ ტექსტებთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურას, პრაქტიკაში დაეუფლონ ძველი ქართული ტექსტების გამოცემასთან დაკავშირებულ საქმეს – ტექსტის ანალიზს, გამართვას, კორექტირებას, და თავადვე მიიღონ მონაწილეობა კურსის დამხმარე სახელმძღვანელო – ქრესტომათიის შექმნასა და გამოცემაში, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის სტუდენტების მონაწილეობით (საკურსო, საკონფერეციო და სადიპლომო შრომების სახით) ხორციელდებოდა და დღესაც წარმატებით გრძელდება.

სახელმძღვანელოს I ტომი სტუდენტებს წარმოდგენას შეუქმნის ძველი ქართული თარგმანის ისტორიაზე, ტერმინთშემოქმედებაზე, ზოგადად, ენობრივ სტილსა და თარგმანის ხელოვნებაზე;

II ტომში წარმოდგენილი იქნება ელინოფილ მთარგმნელ-ავტორთა ტექსტების ამონარიდები მოკლე ანოტაციებით, რომელთა შორის სტუდენტთა სხვადასხვა თაობის საკონფერენციო, საკურსო თუ სადიპლომო ნაშრომებიც იქნება ჩართული.

ანა ხარანაული

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

 

 

 

 

დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია წიგნს გაეცნოს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკაში