გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი)

Posted On 20 Jun 2019
By :
Comment: Off

მეუფე კალისტრატე 1983 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე (გარდაცვალებამდე) მწყემსმთავრობდა ქუთაის–გაენათის ეპარქიას.

იგი ამ ეპარქიის მღვდელმთავრად გახლდათ ხელდასხმული და აღესრულა ქუთაის-გაენათის კათედრაზე უცვლელად მყოფი.

გამორჩეულია მიტროპოლიტ კალისტრატეს ღვაწლი, რომლისგანაც ჩვენ მხოლოდ მცირედს აღვნიშნავთ.

იგი გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს იმ დელეგაციის წევრი, რომელმაც 1990 წლის მარტში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო ღირსების აღიარების სიგელები.

მისი უშუალო ღვაწლით 1990 წელს უკანასკნელი ქართველი მონარქი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, გადმოსვენებულ იქნა ტრაპიზონიდან გელათის მონასტერში, ხოლო 2005 წელს გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე) – რუსეთიდან, კერძოდ, სვირის მონასტრიდან, გელათის მონასტერში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტ კალისტრატეს დიდი ღვაწლითა და თაოსნობით:

  • 1990 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია
  • 1995 წელს აღდგა ქუთაისის სასულიერო სემინარია
  • 2001 წელს დაარსდა ქუთაისის საღმრთისმეტყველო ინსტიტუტი

 

ასევე დაარსდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და მედავითნეობის შემსწავლელი კურსი.

აღნიშნული უმაღლესი სასულიერო სასწავლებლების რექტორი თავად მიტროპოლიტი კალისტრატე ბრძანდებოდა 2010 წლის 19 თებერვლამდე.

მიტროპოლიტ კალისტრატეს უდიდესი ძალისხმევითა და შემართებით 321 წლის შემდეგ აღდგა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მოღვაწეობის სრული სახე მხოლოდ არსთა გამრიგე ღმერთმა უწყის და სწორედ მას ვავედრებთ, რათა საყოფელსა მართალთასა დააწესოს მიტროპოლიტ კალისტრატეს უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება.