შეხვედრა ეთნოლოგიის დოქტორ გორდანა ბლაგოჟევიჩთან

Posted On 06 Nov 2019
By :
Comment: Off

2019 წლის 5 ნოემბერს, 13:00 საათზე გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ინსტიტუტის წამყვან მკვლევარ, ეთნოლოგიის დოქტორ გორდანა ბლაგოჟევიჩთან თემაზე: წმინდა გიორგის დღესასწაულის აღნიშვნის ფორმები და ტრადიციები სხვადასხვა კულტურათა ჭრილში.

ქალბატონმა გორდანამ საჩუქრად გადასცა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკას მის მიერ, 2018 წელს რედაქტირებული ანთოლოგია: „წმინდა გიორგის დღესასწაული: სხვადასხვა კულტურული კონტექსტები და ტრადიციები“.

 

 

საერთაშორისო თემატური ანთოლოგიის მიზანია, ნათელი მოჰფინოს წმინდა გიორგის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებულ რამდენიმე ასპექტს სხვადასხვა კულტურული კონტექსტებისა და რეალიების გათვალისწინებით. კვლევისას გამოყენებული შედარებითი მეთოდი საშუალებას აძლევს მკითხველებს, მეცნიერებსა და ზოგადად ფართო საზოგადოებას გაიღრმაოს ცოდნა წმინდა გიორგის მიმართ სხვადასხვა კულტურებში არსებულ ტრადიციებთან დაკავშირებით. ანთოლოგიაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა მულტიდისციპლინარული მიდგომა, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სამეცნიერო დარგის ექსპერტები: ეთნოლოგები, ანთროპოლოგები, ეთნომუსიკოლოგები, ეკლესიის ისტორიის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ხელოვნების ისტორიის მკვლევარები.

 

 

ანთოლოგია შედგება 11 ტექსტისაგან, რომლებიც წარმოადგენს ახალ ორიგინალ, მანამდე გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას საკვლევ ობიექტთან დაკავშირებით და ამავე დროს შეიცავს არსებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის სიღრმისეულ ანალიზს. ანთოლოგიის მასალების 13 ავტორი წარმოდგენილია 7 ქვეყნიდან, ესენია: საქართველო, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი და თურქეთი. მკვლევართა ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა კულტურულ და ეთნიკურ რეგიონებზე რუსეთში, კავკასიის მთიან რეგიონზე, კაბადოკიიდან ბალკანეთის ჩათვლით ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებზე. გამომხატველობითი ფორმები სხვადასხვაგვარია: ეს შეიძლება იყოს ხალხური ცეკვები, საგალობლები, ხალხური სიმღერები, ოჯახისთვის დამახასიათებელი, დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციული გამოვლინებები და საეკლესიო დღესასწაულის გამომხატველი ფორმები.  წმინდა გიორგისთან დაკავშირებული სამეცნიერო თვალსაზრისების ისტორიული ასპექტის უფრო სრულად წარმოჩინების მიზნით ახლო მომავალში იგეგმება მეორე წიგნის გამოცემა. გამოითქვა გელათის სასულიერო აკადემიასა და სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ინსტიტუტს შორის სამეცნიერო ჭრილში ურთიერთობის გაღრმავების  სურვილი.