გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენიდან 30 წელი შესრულდა
დღეს, 2020 წლის 21 სექტემბერს, გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენიდან 30 წელი შესრულდა (აკადემია დაარსდა 1106 წელს).
„აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავლისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად ფრიად უაღრესს მისსა საღმრთო შინა წესთა.“
გელათის აკადემიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული კულტურის ისტორიაში.
1106 წელს მეფე დავითმა დააარსა გელათის აკადემია; „მუნვე შემოიკრიბა კაცნი პატიოსანი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა არა თვისთა სამეფოთა ოდენ შინა პოვნილნი, არამედ ქვეყანასა კიდესაცა, სადაც ესმა ვიეთმე სიკეთე და სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსობა, იძია და კვალად გამოიძია..“
გელათის აკადემიას ჩვენში უნდა შეესრულებინა მეორე იერუსალიმისა და სხვა ათინას როლი. „აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავლისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად ფრიად უაღრესს მისსა..“
გელათის აკადემიაში შესრულებული თარგმანების სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ ამ სკოლის ძირითადი პროფილი იყო ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა.ხშირად მოიხსენიებენ მას, როგორც ფილოსოფიურ აკადემიას, სადაც ძლიერი იყო ნეოპლატონური ტრადიციების ათვისება, თარგმნა და ორიგინალურ ქართულ ტერმინებადა და მსოფლმხედველობად ჩამოყალიბება.
გელათის აკადემია დიდ საგანმანათლებლო საქმეს ეწეოდა. მისი ორგანიზაციული სტრუქტურა ძირითადად ისეთივე იყო, როგორც იმ დროს ბიზანტიაში არსებული სხვა აკადემიებისა. გელათშიც დაახლოებით იგივე სამეცნიერო დისციპლინები ისწავლებოდა.
გელათის აკადემიის რექტორი „მოძღვართ-მოძღვრის“ ტიტულს ატარებდა. გელათის აკადემიის „მოძღვართ-მოძღვართაგან“ ცნობილია ანტონი (XIIIს.), საბა (XIVს.) ილარიონი, მანასე (XVIს.);
გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის პირველ ნახევრამდე.
1988 წელს გაიხსნა გელათის მონასტერი, 21 სექტემბერს გელათს ეწვია კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც ლიტურგია აღავლინა და წირვის დასასრულს ქადაგებით მიმართა მრევლს :„დუმილის შემდეგ კვლავ ღაღადებს დიდი გელათი! ვხედავთ ამ სასწაულს და ვხედავთ, რა დიდია უფალი..“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს უდიდესი ძალისხმევით, კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში.
1990 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ხელი მოაწერა ბრძანებას აკადემიის აღდგენის შესახებ და მის პირველ რექტორად დაინიშნა მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი).
2010-2013 წლებში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გახლდათ დეკანოზი მიქაელ გალდავა;
2013 წლიდან დღემდე გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გახლავთ დეკანოზი ირაკლი ახალაძე;
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია დღეს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო სასწავლებელს.
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სადაც ამჟამად სწავლების ორსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს: I – ბაკალავრიატი; II – მაგისტრატურა; სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწოფოს მიერ.
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებობს შემდეგი პროგრამები:
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა-სასულიერო სემინარია,
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა;
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა-სასულიერო აკადემია;
სასწავლებელთან არსებობს მედავითნეობის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი;
უნდა ავღნიშნოთ, რომ სასწავლებელში და მასთან არსებულ კურსებზე სწავლება უფასოა.
სასწავლებელში არსებობს შემდეგი კათედრები: ბიბლეისტიკისა და ლიტურგიკის, დოგმატიკისა და პატრისტიკის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, რელიგიათმცოდნეობის, უცხო ენათა;
სასწავლებელს აქვს პერიოდული გამოცემა –,, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები“, რომელშიც იბეჭდება პროფესორ-მასწავლებელთა სტატიები;
აღდგენის დღიდან გელათის სასულიერო აკადემია, სემინარია, სასწავლებელი და მედავითნეობის კურსი დაასრულა ასობით სტუდენტმა, რომელთა ნაწილი მღვდელმსახურია და საქართველოს სხვადასხვა კურთხეში მოღვაწეობს, ნაწილი ბერ-მონაზონი, მედავითნე ან რიგითი მრევლია დედა ეკლესიისა.