ბიბლეისტიკისა და ლიტურგიკის კათედრის სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია
6 დეკემბერს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში ბიბლეისტიკისა და ლიტურგიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია.
კონფერენციას ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.
მომხსენებლებმა თემები წარმოადგინეს წმინდა წერილიდან, ლიტურგიკიდან, სამოძღვრო ღვთისმეტყველებიდან, გალობის ისტორიიდან.
მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა გიორგი რევიშვილმა (ხელმძღვ. აკაკი გოლეთიანი) ისაუბრა ახალი აღთქმის აპარატის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუხეუმში დაცული ხელნაწერების მიხედვით. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა თამაზ ნებიერიძემ (ხელმძღვ. დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი) განიხილა მცნება შაბათის დაცვის შესახებ ძველ აღთქმაში. ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტმა გიორგი ჩერნევცკიმ (ხელმძღვ. მღვდელი მიქაელ კვანტალიანი) განიხილა ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოთა ტიპიკონური თავისებურებები. მოძღვრის მოწოდების შესახებ ისაუბრა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტმა ბექა გლუნჩაძემ (ხელმძღვ. დეკ. სვიმეონ გაფრრინდაშვილი). მან, წმინდა მამათა მემკვიდრეობის მიხედვით, საინტერესოდ მიმოიხილა ამ საკითხის ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებანი. თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის III კურსის სტუდენტთმა დავით გულუამ ისაუბრა საეკლესიო გალობის შესახებ საეკლესიო სამართლისა და ლიტურგიკული გარდამოცემის კონტექსტში.
თითეული თემი წარდგინების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია. მომხსენებლებმა არგუმენტირებულად უპასუხეს შეკითხვებს და მადლიერებით მიიღეს გამოთქმული შენიშვნები.