ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის წლის შემაჯამებელი კონფერენცია და გამოფენა

Posted On 01 Jun 2023
By :
Comment: Off

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. სალექციო პროცესის შეწყვეტისთანავე დაიწყო საზაფხულო გამოცდების გაწამაწია. 30 მაისს კი აკადემიის რექტორის დეკანოზ ირაკლი ახალაძის კურთხევით ფაკულტეტზე ჩატარდა წლის დამაგვირგვინებელი ტრადიციული სტუდენტური კონფერენცია, სადაც აკადემია-სემინარიის მსმენელთა და პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე საგანგებოდ მომზადებული თემებით წარსდგნენ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის II და III კურსის სტუდენტები. მათი საკონფერენციო თემები, მიღებული წესით, მოიცავდნენ თეოლოგიური და სახელოვნებათმცოდნეო საკითხების სინთეზს, რაც მსმენელთა აუდიტორიისათვის ორმხრივად საინტერესო იყო.

 

 

სტუდენტთა კონფერენცია ტრადიციულად გახსნა ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგემ ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა. მან სტუდენტებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა გამომსვლელებს და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვა გადასცა.

არჩეული საკითხის საფუძვლიანი შესწავლა ნათლად იგრძნობოდა III კურსის
სტუდენტის გივი ცინცაძის გამოსვლაში, რომელიც მან ს. ღანირის ტაძრის ისტორიას და
არქიტექტურულ თავისებურებებს მიუძღვნა (ხელმძღვანელი თინათინ ბარაბაძე). წარმტაცი თხრობა, სრულყოფილად დამუშავებული ტექსტი, მისი შემეცნებითი მხარის სისავსე, კიდევ უფრო გაღრმავებული ფერადი სლაიდების ფართო დემონსტრირებით, მსმენელთა მიერ გამომსვლელის მაღალი შეფასების საფუძველი გახდა.

რელიგიისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების რთულ თეორიულ საკითხს,
რომელიც ორივე კომპონენტის სპეციფიკის საკმაოდ ღრმა ცოდნას მოითხოვს, შეეხო თავის გამოსვლაში II კურსის სტუდენტი მარიამ რუხაძე (ხელმძღვანელი – ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი მანანა ჩიტეიშვილი). კარგად გააზრებული ტექსტის სტრუქტურა, საკითხების ლაკონური გაშუქება, გამოსვლის დახვეწილი ტექნიკური მხარე, უთუოდ, იყო სტუდენტის მოხსენების მაღალი შეფასების საწინდარი.

დარბაზის ყურადღება და ინტერესი გამოიწვია II კურსელის ქეთევან ქობულაძის გამოსვლამ, რომელმაც საკმაოდ დაჯერებულად და დამაჯერებლად მოუთხრო აუდიტორიას ქრისტეს სახის ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიული ევოლუციის გზებზე ძველი და ახალი დროის ესთეტიკურ ცნობიერებაში (ხელმძღვანელი – ზურაბ თოდუა). თემის ისტორიულ-ანალიტიკურმა შინაარსმა, თვალნათლივ განმტკიცებულმა ეკრანზე მსოფლიო ხელოვნების უკვდავი ნიმუშების დემონსტრირება-განხილვით, მასალის კარგმა ცოდნამ, მისი გადმოცემის დახვეწილმა უნარმა, სტუდენტს მსმენელთა მოწონება მოუტანა.

ამგვარ კონფერენციებს მონაწილეებისათვის აქვთ არა მარტო სუფთა შემეცნებითი მნიშვნელობა, რომელიც ასწავლის მათ პრობლემის მოძიებას, მის შესწავლას, სათანადო ლიტერატურის მოპოვებას, საბიბლიოთეკო კატალოგებთან მუშაობას, ტექსტის დაწერას, რედაქტირებას, ილუსტრირებას და ა.შ., არამედ საჯარო გამოსვლის, მომზადებული მასალის საზოგადო პრეზენტაციის, დასმულ კითხვებზე პასუხის, პოლემიკაში ჩართვის უნარის გამომუშავებას, რაც ფრიად მნიშვნელოვანია მომავალი ხელოვნებათმცოდნეების პრაქტიკული საქმიანობისათვის.

 

 

უკვე რამოდენიმე წელია ტრადიციად დამკვიდრდა წლის შემაჯამებელი კონფერენციის დღეს ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

ასეთი გამოფენები ეწყობა 2016 წლიდან. მხოლოდ 2021 წელს კოვიდის მძვინვარების პერიოდში, კონფერენციაც და გამოფენაც ჩაგვეშალა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ, შარშან ტრადიცია აღვადგინეთ და აი მორიგი გამოფენა მოეწყო. მასში 14 ავტორი მონაწილეობდა. ეს არის შემოქმედებითი მიდრეკილებით დაჯილდოებული, თუმცა, პროფესიონალური მომზადების არ მქონე ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრები მათი სულიერი მოთხოვნილებების გამოვლინებაა. და ამით, მით უფრო საინტერესოა ეს, ასე ვთქვათ, „საკუთარი თავისთვის“ შექმნილი ნიმუშები, რომლებშიც სიყვარული და გულწრფელი გრძნობაა ჩადებული. მოყვარულმა მხატვრებმა წარმოადგინეს ქმნილებები ფერწერის, გრაფიკის, ნაქარგობის, ხატწერისა და საეკლესიო ხელოვნების, ხელსაქმისა და ფოტოხელოვნების დარგში. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებმაც.

გამოფენას, უთუოდ, ალამაზებდა სემინარიის მეორე კურსელის ბერ-დიაკონ კონსტანტინე აბდალაძის საეკლესიო თემებზე შესრულებული ნიმუშები და მათ შორის ოსტატურად შექმნილი ხატი „წმ.გიორგი“ და აკადემიის III კურსის მსმენელის ბიჭიკო კუპატაძის ნაწარმოებები („ნატურმორტი“, „ბროწეულები“), ყურადღებას იპყრობდა სემინარიის II კურსის სტუდენტის თამაზ ნებიერიძის ქორფად დაწერილი „ნატურმორტი“ და ასლი ჰოლანდიელი მხატვრის იან ვერმეერის ცნობილი სურათიდან „გოგონა მარგალიტის საყურით’.

 

 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულბმა გოჩა ტყეშელიაძემ („ავტოპორტრეტი“, რამოდენიმე ფერწერული პეიზაჟი) და დავით ჭიტაძემ (გრაფიკული პორტრეტები და კომპოზიციები), რომელთა ნამუშევრებმა, როგორც სტუდენტობის წლებშიც, მაყურებლის აქტიური ყურადღება დაიმსახურეს. სიამოვნებით აღვნიშნავთ მათი შემოქმედების შინაარსობრივ და ტექნიკურ ზრდას, რაც, უთუოდ, მომავალი, უფრო მაღალი მიღწევების საწინდარია.

 

 

საინტერესო ნამუშევრებით გამოფენაზე წარსდგნენ II კურსის სტუდენტები მარიამ ნიკურაძე (პოეტური გრაფიკული კომპოზიციები „სახლი მდინარის პირას“, „მთვარე მთებში“, შობის ღამე“, „მეგობრები“) და მარიამ რუხაძე (ქაღალდზე შესრულებული ხატები და ლირიული კომპოზიცია „მერცხლები“), თამარ ღაჭავა (ლამაზი, დეკორატიული ნაქარგობანი), ქეთევან ქობულაძე (ხელნაკეთობების მრავალსახეობა).

გამოფენაზე აშკარად გამოირჩეოდა III კურსის სტუდენტის გივი წინცაძის აბრეშუმის ძაფით ნატიფად ნაქარგი „გარდამოხსნები“ და „ღვთისმშობლის მიძინება“, რომლებიც, თამამად შეიძლება საეკლესიო ხელოვნების სრულყოფილ ნიმუშებად ჩაითვალოს. პოეტურობას და ნახატის ნატიფობას არ იყო მოკლებული IV კურსის სტუდენტის ბესო მუმლაძის ორი გრაფიკული ფურცელი (“ფანტაზია“, „ნავში“).

 

 

ლამაზი ხედვით დანახული ფოტოპეიზაჟებით დაამშვენეს გამოფენა II და III კურსის სტუდენტებმა ინგა ბეროძემ და ნინო ასათიანმა. გამოფენას ხსნიდა IV კურსელი სალომე გუნიას დიდი ნაქარგობა „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!”

ხელსაქმის ნიმუშებით გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის დეკანის თანაშემწემ ნანა ქარსელაძემ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა გამოფენის მომზადებასა და მოწყობაში გაწეული დიდი საქმიანობისათვის. გამოფენა ძალიან თბილად მიიღეს კონფერენციის მონაწილეებმა და სტუმრებმა. იგი გააშუქა ქალაქის ტელევიზიამ, კონფერენციისა და გამოფენის მონაწილეთა სახელით მადლიერების გრძნობით მივმართავთ რექტორატს, რომელმაც ფაკულტეტის დეკანის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ბარბარე აბდალაძის შუამდგომლობით შეგვიძინა საექსპოზიციო ინვენტარის გარკვეული რაოდენობა, მადლობა კათედრის გამგეს ლევან ტყეშელაშვილს კონფერენციისა და გამოფანის მოწყობაზე წლის მანძილზე მზრუნველობისათვის. მადლობა მონაწილე სტუდენტებს, რომლებმაც კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს აკადემია-სემინარიის და მასთან არსებული ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიაში!

კონფერენციისა და გამოფენის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრორექტორმა მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა, რომელმაც მადლობის სიტყვებით მიმართა ამ ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, აღნიშნა მათი მნიშვნელობა აკადემია-სემინარიაში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურების პროცესში და ხაზი გაუსვა, რომ თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც, განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტიურად არიან ჩაბმული სამეცნიერო და საეკლესიო ცხოვრებაში…

2023 წლის კონფერენცია და გამოფენა წარმატებით დასრულდა…
მომავალ შეხვედრამდე!