გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართვა

Posted On 13 Nov 2019
By :
Comment: Off

საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის ქართველი ერისა და სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე იდგა. საქართველოს ისტორიაში ძნელად მოიძებნება ეპოქა, რომელშიც დედაეკლესიას თავისი გადამწყვეტი როლი არ შეესრულებინა, როგორც ქვეყნის განსაცდელიდან გამოყვანის, ასევე სახელმწიოფოებრივი აღორძინების საკითხში.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ უაღრესად შევიწროებულ ეკლესიას უფლის განგებით სათავეში ჩაუდგა  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიბრძნით, სიყვარულით, თავმდაბლობით, უკიდურესი მოთმინებითა და შემწყნარებლობით შეძლო ათეისტურ ეპოქაგამოვლილი ქართველი ერის კვლავ ღვთის გზაზე დაყენება და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინება. გლობალიზაციისათვის დამახასიათებელ ამ ურთულეს პერიოდში ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს ეკლესია ქართველი ერის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სასიცოცხლო ინტერესების შენარჩუნების უმთავრეს გარანტს წარმოადგენს.

თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მტრებმა დღეს მორიგი ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს თქვენ წინააღმდეგ, რაც ამავე დროს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის მტრობას გულისხმობს. მათი მარცხი გარდაუვალია, რადგან თქვენი ლოცვით, მოთმინებითა და სიყვარულით შეგვეწევა უფალი და დედა ღვთისმშობელი. გამოვხატავთ უზომო მადლიერებას სამშობლოსა და დედაეკლესიის სამსახურში გაწეული  თქვენი ფასდაუდებელი ღვაწლისადმი.

თქვენი წინამძღოლობით მოვუწოდებთ თითოეულ მამულიშვილს: ,,ქართველნო, ერთად ღვთისაკენ! “