გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)

Posted On 28 Oct 2021
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)

 

თქვენო მეუფებავ, თქვენი გზა ერისკაცობიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტობამდე აღსავსეა სამშობლოს სიყვარულითა და მეცნიერულ-სარწმუნოებრივი ღვაწლით. როგორც ილია მართალმა ბრძანა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ, რომ ,,იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა“, იგივე თამამად შეიძლება  ითქვას თქვენზეც. თქვენ ოჯახიდან მოგყვებათ მეცნიერების სიყვარული, რამაც სარწმუნიოებასთან შერწყმით უდიდესი სარგებელი მოუტანა ჩვენს დედა ეკლესიას.

წლების მანძილზე თქვენ იყავით თბილისის სიონის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორობა მოგიწიათ ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში და ბრძნულად გაუმკლავდით უამრავ სირთულეს. როგორც რექტორი და წმინდა წერილის პედაგოგი,  სტუდენტთა შორის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდით, ეს სითბო და სიყვარული მათ დღემდე მოჰყვებათ. უკვე წლებია თქვენ წარმატებით ხელმძღვანელობთ    წმინდა წერილის ახალ ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფის საქმიანობას, რაც თანამედროვე  ადამიანებს   ღვთის სიტყვასთან აახლოებს.

დღეს, როგორც გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი, სტიმულს აძლევთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ახალგაზრდა თაობას, რომ აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო, როგორც საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ზრუნავთ, რომ  ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდა-განვითარება სარწმუნოებრივ, ზნეობრივ და ეროვნულ იდეალებზე იყოს დაფუძნებული.

დღეს, ამ ურთულეს ეპოქაში,   თქვენი მართალი, შეუპოვარი, გაბედული სიტყვითა და ქადაგებით საზოდაგოებას უმყარებთ რწმენას ეკლესიისას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან …“ (მთ. 16,18).

გელათის სასულიერო აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტები უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი სასწავლებლის მიმართ გამოჩენილი  მზრუნველობისა  და თანადგომისათვის.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ბრძანდებით  ქუთაის-გაენათის  ისტორიულ  კათედრაზე მოღვაწე  წმინდა მიტროპოლიტების: დოსითეოს ქუთათელის,  ექვთიმე გაენათელის, იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის და ამ კათედრაზე მოღვაწე სხვა ღვაწლმოსილი იერარქების საქმის ღირსეული გამგრძელებელი. მათი მეოხებით მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ 75 წლის იუბილეს!

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!